არჩილ ჭყოიძე: ის საკითხები, რომელზეც ყველა ერიდება საუბარს ხვალ იქნება გამჟღავნებული

უბლოკო სტატუსმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საინტერესოა რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც რუსეთთან სულ ახლახანს ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ?  პირველი, ვისაც დავუკავშირდით არჩილ ჭყოიძეა, რადგან მისი ბოლოდროინდელი განცხადებები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ შეხედულებები შეცვლილი აქვს , მასთან დაკავშირება იმანაც განაპირობა, რომ სულ ცოტა ხნის წინ „ერეკლე მეორეს საზოგადოებამ“ გამართა მრგვალი მაგიდა, რომელსაც რუსეთის მხარეც ესწრებოდა.

-სანამ ძირითად საკითხზე გადავალ, მინდა კიდევ ერთხელ გარკვევით განვაცხადო-მე ყოველთვის ვსაუბრობდი რუსეთში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამას ვამბობდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ოკუპაციის თემაზე ხმას არავინ იღებდა. დღესაც ასეა, მანახეთ თუნდაც ერთი პრორუსული ძალა, რომელიც თუნდაც ირიბად ისაუბრებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციაზე. მე ყოველთვის ვიყავი და ვარ რუსეთთან დიალოგის მომხრე, ამ მხრივ არც აზროვნება შემიცვლია, არც შეხედულება და არც ურთიეთობები გამფუჭებია.

-ამაზე არაერთხელ გაქვთ განცხადება გაკეთებული და ნუ განვმეორდებით. მრგვალი მაგიდის სტუმრებზე რომ თქვათ ორიოდე სიტყვა და შემდეგ იმ საკითხზე გადავიდეთ,  რაზე სასაუბროდაც დაგიკავშირდით.

-ხოდა თუ მოსმენილი გაქვთ ჩემი განცხადებები და ვიცი რომ გაქვთ, რადგან თქვენთანაც გამიჟღერებია, რაღა საჭიროა ისევ იმ თემაზე საუბარი… კარგით, ამაზე მოვრჩით.  რაც შეეხება სტუმრებს, ჩვენი სტუმრები „იდინაია რასიას“ წარმომადგენლები იყვნენ. მინდა გითხრათ, რომ მართლაც საინტერესო საუბრები და შეხვედრა იყო.

ახლა უბლოკო სტატუსზე გადავიდეთ. უბლოკო სტატუსზე რომ ვსაუბრობდით მე და ჩემი თანამოაზრეები მაშინ ყველა და მათ შორის ბურჯანაძე „ნატო-ნატო“-ს გაიძახოდა, ახლა კი თავად დააყენა ეს საკითხი, მაგრამ უბლოკო სტატუსი მისაღებია არა ისე, როგორც ამას ქალბატონი ნინო გვთავაზობს.

უბლოკო სტატუსი უნდა გამოცხადდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეისათვის ვაკონტროლებთ. ბურჯანაძის ვერსიით კი  რა გამოდის? ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, ანუ ვაცხადებთ უბლოკო სტატუსს და ამ დროს ცხინვალში და აფხაზეთში დგას რუსის ჯარი! განლაგებულია რუსული ბაზები!

რუსები, ოსები და აფხაზები მიესალმებიან ბურჯანაძისეულ უბლოკო სტატუსს, რადგან ამ ვერსიით ვაღიარებთ მათ დამოუკიდებლობას. ეს არის საკმაოდ კარგად მოფიქრებული ხრიკი, რომელსაც თუ წამოვეგებით, შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ აფხაზეთიც და სამაჩაბლოც.

-და ეს ნინო ბურჯანაძემ არ იცის? თუ იცის და ვინმეს გეგმას ახორციელებს?  

-იცით რა, ზუსტად ამ საკითხზე მაქვს 23 სექტემბერს „რეპორტიორში“ პრესკონფერენცია. ვინ ვის თამაშს თამაშობს, ვინ უგორებს რუსეთს „კოჭას“ , რა საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველო, რამდენნაირი მესიჯი მოდის რუსეთიდან და კიდევ ის საკითხები, რომელზეც ყველა ერიდება საუბარს ხვალ იქნება გამჟღავნებული და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

-თუმცა არის საკითხები, რომლებზეც თქვენც არ საუბრობთ და არის კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერ არ გაგიციათ.

-კი ბატონო, თუ ხვალ პრესკონფერენციაზე ვერ მიიღებთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს, ისეც გავისაუბროთ, ხვალამდე კი მოდით აქ დავასრულოთ.

 

 

 

კომენტარის დატოვება