„ეს არ არის ხაზარაძის და ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება – ივანიშვილის სასამართლო პროცესი!“

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის ივლისში წაუყენეს. აგვისტოში მათ პროკურატურამ ანგარიშები დაუყადაღა. თითოეულ მათგანს 700 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მათ პროკურატურა ჯგუფურად 16 მილიონ 664 ათასი დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მუხლი 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ორივე მათგანს პროკურატურა ჯგუფურად 17 მილიონამდე დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

პროკურატურამ და დაცვამ დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებები წარადგინეს, პროკურატურა ითხოვდა, მოსამართლეს პროცესზე არ დაეშვა ადვოკატების მთავარი მტკიცებულება. ჩვენებები, რომლებიც დაცვის მხარემ საზღვარგარეთ მოიპოვა.

შუამდგომლობები ჰქონდათ ადვოკატებსაც. დაცვამ ე.წ. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ანგარიში გააპროტესტა, რომელიც ბრალდებას მტკიცებულებათა ნუსხაში უდევს.

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ კანონი არასდროს დაურღვევიათ და სადავო საქმესთან სამართალს არანაირი კავშირი აქვს. ისინი ამ პროცესს ოპონენტების ფულის გათეთრების ბრალდებით დევნად აფასებენ.

-საქმე, რომელსაც საფუძვლად ყოვლად აბსურდული ბრალდება, ე.წ. „ფულის გათეთრება“ დაედო.
ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის – შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან!
ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება – ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!-განაცხადა ხაზარაძემ.