თამარ ტალიაშვილი: ზღვისუბანი სთრითარტის საერთაშორისო ფესტივალში ჩაერთო

თბილისში ფესტივალი სთრითარტი  ,,ნიკო’’ მიმდინარეობს, რომელის  ფარგლებში ზღვისუბანში (თემქა) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 27 მეტრიანი კედელი იხატება.  

ფესტივალი მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით  ხორციელდება და მასში ზღვისუბანი რაიონის  მაჟორიტარი დეპუტატის  თამარ ტალიაშვილის შუალმდგომლობით ჩაერთო.

თამარ ტალიაშვილის თქმით, რაიონისათვის ამ ტიპის ფესტივალის ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ლოკაციის შერჩევასა და ტექნიკური საკითხების გადაწვეტაში აქტიურად იყო ჩართული თავისი წარმომადგენლობა.

,,სთრიტარტი არის სწორედ თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულება, რომელიც გადის ქუჩაში და ხელოვნებასა და ყოველდღიურობას აახლოვებს. ამას   სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის  დიდი დატვირთვა გააჩნია; ასე რომ, პროექტი ,,ნიკო’’ არის ერთი მხრივ, მაღალი სოციალური-კულტურული მნიშვნელობის მქონე და მეორე მხრივ, ხელოვნების შემოქმედებითი თავისუფლების განვითარების ასპარეზი’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის ირაკლი გვილავას თქმით, პროექტის მიზანია, უსახური კედლების გალამაზება, ხელოვნების ამ დარგის განვითარება, ასევე, ახალგაზრდა მხატვრებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ თავი გააცნონ საზოგადოებას.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მუნიციპალიტეტთან ერთად პროექტის აქტიური მხარდამჭერი გახდა კერძო სექტორიც, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო დიდი მასშტაბით განვახორციელებთ აღნიშნულ ფესტივალს და კიდევ უფრო გავალამაზებთ ჩვენს ქალაქს”, -განაცხადა ირაკლი გვილავამ.

ქუჩის ხელოვნების ფესტივალი, რომლის  მიზანია თბილისი  უსახური კედლების გალამაზება და ხელოვნების ამ დარგის განვითარება, დედაქალაქის კიდევ 7 ლოკაციაზე განხორციელდება.