1 ოქრო & 1 ვერცხლი – საქართველომ ქვიშის თამაშები წარმატებულად დაიწყო

მოჭიდავეთა ნაკრებმა ქვიშის თამაშები წარმატებულად დაიწყო

 კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე, საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველ საშეჯიბრო დღეს ორი მედალი მოიპოვა. ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა გუნდმა ორი სპორტსმენით იასპარეზა და კვარცხლბეკზე ორივე მათგანი ავიდა.

სადებიუტო თამაშების – „კატარი 2019“-ის გამარჯვებული ლევან ქელეხსაშვილი გახდა. ქელესაშვილმა 70 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ფინალამდე 5 შეხვედრა მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში, მომავალმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი პანა ილიასლი დაამარცხა და მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ქვიშის თამაშების პირველი გამარჯვებული გახდა.

ოქროს მედლამდე სულ ცოტა დააკლდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორსა და ევროპის ორგზის ჩემპიონ დათო მარსაგიშვილს. მარსაგიშვილმა 90 კგ წონით კატეგორიაში, ჯგუფურ ეტაპზე 4 შეხვედრიდან 3 მოიგო და დამარცხდა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ პაკისტანელ მუჰამად ინამთან, ხოლო ნახევარფინალში რუმინელი მეტოქის ძლევით ფინალში გავიდა და კვლავ ინამს დაუპირისპირდა. განმეორებით ორთაბრძოლაში ამჯერადაც პაკისტანელმა ფალავანმა გაიმარჯვა და ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო მარსაგიშვილი ქვიშის თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა.

საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალია. 15 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ღირსებას კვლავ მოჭიდავეები – დავით ხუციშვილი (80 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) დაიცავენ. შეგახსენებთ, რომ საქართველო ქვიშის თამაშებზე 4 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.