“”სუბიექტური”, “უტიფარი” და “ჯალათი” – ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენენ, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

მოსამართლეობის კანდიდატმა დამოუკიდებელი დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ ეს დეპუტატები მის მიმართ სუბიექტურები არიან.

“სუბიექტური ბრძანდებით ქალბატონო ეკა. თქვენ არც ერთ კითხვაზე არ გაგცემთ პასუხს, იმიტომ, რომ თქვენი ჩემდამი პოზიცია წინასწარ გაქვთ დაფიქსირებული. თქვენი შესავალი სიტყვაც კი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩემთან მიმართებით ობიექტური ვერსადროს იქნებით”, – განაცხადა პაატა სილაგაძემ.

ეკა ბესელიამ პაატა სილაგაძეს “უტიფარი” და “ჯალათი” უწოდა, რის გამოც უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ეკა ბესელიას კორექტულობისკენ მოუწოდა, საპასუხოდ კი მათიკაშვილმა ყოფილი თანაგუნდელისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო.