ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საზღვაო ქვეითების მარათონში იასპარეზებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში საზღვაო ქვეითთა ყოველწლიურ მარათონში მონაწილეობისთვის ემზადებიან. ვაშინგტონში გამგზავრებამდე დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ უმასპინძლა, მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა. ქართველი სამხედროები Allied Forces Foundation-ის პრეზიდენტის, სტიუარტ ტეილორის მიერ არიან მიწვეულები და Marine Corps Marathon-ში 2015 წლიდან ასპარეზობენ. მსგავსი ტიპის სპორტული ღონისძიებები მათი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესს უწყობს ხელს.

მარათონში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ავსტრალიის, პოლონეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს თავდაცვის ძალებიდან წელს ხუთი დაშავებული სამხედრო მოსამსახურე – ვიცე-პოლკოვნიკი დავით ტიელიძე, უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე შამუგია, კაპიტანი გიორგი კაპანაძე, კაპრალი ლევან წერეთელი და სერჟანტი გიორგი კობიაშვილი იასპარეზებენ. მათთან ერთად აშშ-ში ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის სოციალური მხარდაჭერის სამმართველოსა და გენერალური შტაბის სპორტული ღონისძიებების სამსახურის წარმომადგენლები გაემგზავრებიან.

მარათონის მონაწილეებმა შესარჩევი ეტაპი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 10-კილომეტრიან დისტანციაზე გარბენში გაიარეს, რომელშიც მონაწილეობა ოცამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო და მათ შორის საუკეთესოები შეირჩნენ. ბოლო ორი თვის განმავლობაში სამხედროებს ორთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი ვარჯიშები უტარდებოდათ.

საზღვაო ქვეითთა ყოველწლიური 42-კილომეტრიანი მარათონი აშშ-ის დედაქალაქში წელს 24-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება