“თავისუფლება გიორგი მამალაძეს” – აქცია და პრეზიდენტის პასუხი

“თავისუფლება გიორგი მამალაძეს” – პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოძრაობა “შეცვალე” პრეზიდენტს სასულიერო პირის დაუყოვნებლივ შეწყალებას სთხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, დეკანოზის ჯანრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის მაინც პატიმრობაში რჩება, მაშინ, როცა პრეზიდენტმა მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები შეიწყალა.

“სალომე ზურაბიშვილს შეწყალებული ჰყავს პოლიციელების მკვლელები, პედოფილები, ყაჩაღები, ძებნილი რომლებსაც ერთი დღე არ აქვთ ციხეში გატარებული. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღასრულოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომლის ჯანრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე,” – აცხადებს ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალეს” წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი.

შეწყალების მოთხოვნას სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

-ცოტა არ იყოს, მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ელოდება შეწყალებას და არ არის სამართლიანი, რომ მხოლოდ ერთით იყოთ დაკავებული და დაინტერესებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვაზე განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, შეწყალების საკითხზე მზადდება ბრძანებულება, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა.

„გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა ახალი წესებით. მგონი, გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას. როგორც კი გამოვა, ხელს მოვაწერ და თქვენც გაეცნობით. შემდეგ შევუდგებით იმ საკითხს, რასაც შეწყალება ჰქვია. ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე, ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ელოდება ამ კუთხით, ახალგაზრდები და არ არის სამართლიანი, რომ მხოლოდ ერთით იყოთ დაკავებული და დაინტერესებული. არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში და სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი კითხვის მეტი არ შეგიძლიათ დასვათ. ძალიან ბევრი ხალხი ელოდება გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.