თბილისში 230 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

დედაქალაქს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა – 230 აღსაზრდელზე გათვლილი N81 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახა გვანცელაძესთან ერთად გახსნა. საბავშვო ბაღი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად: შენობა უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია ლაივკამერები, რაც აღსაზრდელების მშობლებს საშუალებას მისცემს თვალი ადევნონ საკვების მზადების პროცესს, სააღმზრდელო ჯგუფებში კი სივრცეები საგანმაგანთლებლო და ფუნქციური დანიშნულების მიხედვითაა გადანაწილებული. აღსანიშნავია, რომ თბილისთან შემოერთებულ დასახლებას აქამდე საბავშვო ბაღი არ ჰქონია.

N81 ბაგა-ბაღის პროექტი 2016 წელს დაიწყო, თუმცა კონტრაქტორი კომპანიის დაუდევრობისა და უპასუხისმგებლობის გამო, მშენებლობა სამი წლის მანძილზე შეჩერებული იყო. მშენებლობა მიმდინარე წელს, პროექტის კორექტირების შემდეგ განახლდა. ბაღის ადმინისტრაცია აღსაზრდელებსა და სტუმრებს გასართობი ღონისძიებით დახვდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი.