პრეზიდენტმა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის საკომენდანტო ასეულის მებრძოლი ავთანდილ იოსელიანი ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ავთანდილ იოსელიანის მეუღლეს გადასცა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა ომისა და თავდაცვის ძალების 23 ვეტერანი, მათ შორის: ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით 4, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი 5, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით 8 ვეტერანი, ხოლო მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ გადაეცა 6 ვეტერანს.

დაჯილდოების ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ შინდისის ბრძოლის მონაწილეს, გიგა მურვანიძეს პრეზიდენტის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბინა გადაეცა.

საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებსა და ომის ვეტერანების ოჯახებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და სიტყვით მიმართა:

„განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღესასწაულს საქართველოსთვის ომში დაღუპული ჩვენი მეომრების ოჯახის წევრებსა და ვეტერანებს. თქვენ ყველაზე კარგად იცით სამშობლოს, მშვიდობისა და ერთიანობის ფასი.

სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ. თავდადებისთვის მზადყოფნის გარეშე მშვიდობა დაუცველია. ომშიც და მშვიდობაშიც მხოლოდ ერთიანობა გვაძლიერებს და გვამარჯვებინებს.

მშვიდობა თითოეული თქვენგანის მონაპოვარია. აქ შეკრებილი საზოგადოება იმ ღირებულებებს განასახიერებთ, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ ყველა განსაცდელს გაუძლო და დღემდე მოვიდა. თქვენ განასახიერებთ იმ სულისკვეთებას, რომელზეც დგას ქართული ეროვნული ენერგია.

ძალიან ნიშანდობლივია, რომ წმინდა გიორგი საქართველოს სახელმწიფო გერბზეა გამოსახული. წმინდა გიორგი, როგორც გამარჯვების, სიმართლის ზეიმის სიმბოლო, ჩვენი სახელმწიფოს არსს წარმოაჩენს. საქართველო ხომ, საუკუნეებია, სწორედ ამ გზით მოდის – ბრძოლებითა და საბოლოოდ, მაინც-გამარჯვებით.

დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გამოვხატოთ პატივისცემა საქართველოსთვის თავდადებულთა მიმართ. ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისათვის დიდი პატივია, დავაჯილდოვო აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრები. სიკვდილის შემდეგ, დღეს 24 ადამიანი დაჯილდოვდება სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი.

მათ შორის, დღეიდან გვეყოლება კიდევ ერთი, ეროვნული გმირი ავთანდილ იოსელიანი. მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე.

ამ ჟესტით დღეს სახელმწიფო კიდევ ერთხელ გამოხატავს მოწიწებას თავისი გმირების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოსათვის დაღუპულთა მიმართ პატივისცემა თაობიდან თაობაში გადადიოდეს. ქვეყნის მომავალი ამ მეხსიერებაზე შენდება; ერის მთავარი ღირებულებების შენარჩუნებისა და სახელმწიფოს გაძლიერებისთვის სწორედ ამ მეხსიერებას სჭირდება გაფრთხილება.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან 26 წელი გავიდა. დიდმა ტკივილმა და მსხვერპლმა ვერ უნდა დაგვხიოს უკან, პირიქით, მომავალზე სწორება – ესაა ჩვენი მთავარი გზა გამარჯვებისკენ, ოკუპაციის დაძლევისკენ, მავთულხლართების დარღვევისკენ, აფხაზებთან და ოსებთან შერიგებისკენ და ამ გზით საქართველოს გამთლიანებისკენ.

შერიგება იქნება ჩვენი მთავარი გამარჯვება, რაზეც უნდა დაშენდეს გამთლიანებული საქართველოს მომავალი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.