“ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას, ამიტომ…”

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრთა კაბინეტის წევრებს კონცენტრაციის გაორმაგებისა და მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა, რომ „უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს სახელმწიფოს ბლოკირების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ“.

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს ქუჩაშიც, თუმცა კანონის სრული დაცვით და ის უნდა სრულდებოდეს ლოგიკურად, საარჩევნო უბანზე.

„საქართველო სრულად ადასტურებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლება პარლამენტში შეჭრა და პოლიციის შეურაცხყოფა ჰგონია, ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება კანონიერი და გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ყველა ეს ბოლო ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას.

ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას. ამიტომ, თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებთ, გავაორმაგოთ კონცენტრაცია და ყურადღება, რომ უზრუნველვყოთ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება, რამეთუ ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.