შატბერაშვილი: არჩევნების ღამეს ნათელაშვილი ლეღვის ფოთოლივით აეფარება სააკაშვილს…

სოსო შატბერაშვილის საგანგებო განცხადება

“მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა თემაზე: ოდესიდან მიღებული ინსტრუქტაჟით და ფინანსებით დაგეგმილ არეულობას ერთ-ერთი პარტია ერთვება.

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე – 8 ოქტომბერი, აგონიაში ჩავარდნილი სააკაშვილი და მისგან მართული ყვარყვარეები მით უფრო მეტ აგრესიას ავლენენ და რაც მთავარია უკვე გადადიან კრიმინალურ ქმედებებზე.

არჩევნების ღამეს ნათელაშვილი ლეღვის ფოთოლივით აეფარება სააკაშვილს და იმოქმედებს შემდეგი სცენარით: მოუწოდებს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ და სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებისა და პიკეტირებისაკენ. სანდო წყაროს ინფორმაციით ნათელაშვილმა გუშინ გვიან ღამით ჩაატარა დახურული თათბირი, დაარიგა ოდესიდან შემოსული შავი ფული და დაავალა თავის აქტივისტებს 8 ოქტომბერს ღამით მოამზადონ დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა.

„მემარცხენე ალიანსი“ ზემოხსენებულის შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულიდან სისტემატიურად აფრთხილებდა ხელისუფლებას და მოითხოვდა მკაცრად გაეკონტროლებინა საქართველოში შემოსული უკანონო ფინანსების მოძრაობა, რაც უგულებელყოფილი იქნა.

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ანუ თავისუფალი ზონა დატოვა დიდმა ჯგუფმა რომელმაც არ ისურვა ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებაში მონაწილეობის მიღება. ეს ის შემთხვევაა როდესაც ქვეყნის, სამშობლოს სიყვარულმა სძლია უზნეობასა და სიხარბეს რაც მისაბაძი მაგალითია.

მოვუწოდებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებს, ვისაც კიდევ შერჩენია სინდის-ნამუსი უარი უთხრან ნათელაშვილს ბინძური დავალების შესრულებაზე, მიბაძონ თავისუფალი ზონის წევრებს პატრიოტიზმში, ქვეყნის სიყვარულში, დატოვონ ზემოთ ხსენებული ფსევდო პარტია და შემოუერთდნენ „მემარცხენე ალიანსს“. ამით ისინი თავიდან ააცილებენ ქვეყანას მოსალოდნელ საფრთხეს, ხოლო საკუთარ თავს იხსნიან მკაცრი, მაგრამ კანონიერი განაჩენისგან“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა.

კომენტარის დატოვება