“საქართველოსთვის პარლამენტართა რაოდენობა 150 ძალიან ბევრია, 100 კაციც საკმარისია”

ზვიად ტომარაძე

-ეწინააღმდეგება თუ არა გერმანული მოდელი კონსტიტუციას?
სანამ გერმანულ მოდელზე ვისაუბრებ, მანამდე ზოგადად საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გეტყვით რომ:
1. საქართველოსთვის პარლამენტართა რაოდენობა 150 ძალიან ბევრია და 100 კაციც სრულიად საკმარისია;
2. სანამ ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტი არ აღსდგება, არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით იქნება, სრულად მაჟორიტარული თუ შერეული, ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური ქაოსი და კრიზისი გარანტირებულია;
3. პროპორციული სისტემის დოგმად და ერთადერთ გადარჩენის გზად წარმოჩენა არასწორია. ეს სისტემა დღევანდელ რეალობაში, მხოლოდ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის დიდ შანსს იძლევა.
ახლა რაც შეეხება გერმანულ მოდელს და კონსტიტუციასთან მის შესაბამისობას:
1. გერმანული მოდელი გულისხმობს ისეთ შემთხვევასაც, სადაც მოსალოდნელია პარლამენტის წევრთა რაოდენობის ზრდა და ამ შემთხვევაში ეს საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან საქართველოს კონსტიტუციით 150 კაცზე მეტი პარლამენტარი არ შეიძლება. თუმცა დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პირდაპირი კოპირება არ გაუკეთებიათ, რაღაცეები შეცვალეს და “მისი მოდელი” დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას არ გამოწვევს. ასეთ შემთხვევაში არაკონსტიტუციურობა გამოირიცხა;
2. უსუფაშვილის მოდელით 77 პროპორციული წესით ირჩევა და 73 მაჟორიტარულად. შესაბამისად, რასაც კობახიძე ამბობს 77 არ უდრის 150–ს, თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო, თეორიულად შესაძლებელია პარტიამ ვერ აიღოს პროპორციულად ხმების საჭირო რაოდენობა პარლამენტში წარმომადგენლის შესაყვანად, ხოლო მაჟორიტარულ ოქში კი გამარჯვოს. აქედან გამომდინარე ეს მოდელი არაკონსტიტუციური ვერ იქნება, რადგან 150–ვე მანდატის პროპორციულად განაწილება არ გამოდის და ამომრჩეველის არჩევანზეა დამოკიდებული;
3. კანონი შეიქმნა ადამიანისთვის და არა ადამიანი კანონისთვის, შესაბამისად, რაც კონსტიტუციასთან აშკარა წინააღმდეგობა არ არის, მისაღებია, ვინაიდან, დღეს შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპრომისი აუცილებელია, რადგან ზარალდება სახელმწიფო, ქვეყნის სტაბილურობა და ხალხი.