ალექსანდრე ერქვანია აღმოჩნდა პირველი რომელიც ღიად დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილს

მარიამ ახალკაცი

ბოლო ერთ თვეში ქართული ოცნებიდან 10 დეპუტატი წავიდა.

ალექსანდრე ერქვანიამ დღეს საჯარო ტრიბუნიდან ფარისევლებად მოიხსენია  თანაგუნდელები და „ქართული ოცნება“ დატოვა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, მმართველი გუნდის ყოფილმა დეპუტატმა მედიასთან ლაპარაკი აღარ ისურვა.

ის აღმოჩნდა პირველი მმართველი პარტიის რიგებიდან, ვინც სასულიერო პირების შემდეგ, პატრიარქის წინააღმდეგ პოლიტიკურ შეთქმულებაზე ღიად ალაპარაკდა. მან პირდაპირ მიანიშნა ბიძინა ივანიშვილზე, როგორც პატრიარქის წინააღმდეგ დაგეგმილი სცენარის  მონაწილეზე და ის ოცნების წევრებთან ერთად ეკლესიის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, უმრავლესობის რიგები შესაძლოა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს. მათ შორის, ზაზა პაპუაშვილმა, ირაკლი აბუსერიძემ და კობა კობალაძემ.

ალექსანდრე ერქვანია პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით რჩება. ბოლო ერთ თვეში პოლიტიკური შეუთანხმებლობის გამო უმრავლესობის რიგები 10-მა დეპუტატმა დატოვა.