14 დეკემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე მასშტაბური შეკრება გაიმართება

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე მასშტაბური შეკრება გაიმართება. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა და თქვა, რომ მმართველი გუნდი ახალგაზრდების ინიციატივას სიამოვნებით უერთდება.

კახა კალაძის თქმით, დღეის მდგომარეობით ეს ღონისძიება თავისი მასშტატებით უკვე გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის და იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია.

“ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა რეგიონიდან ვიწვეთ მხარდამჭერებს, ქართული ოცნების კურსის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს. საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას საქართველოს ყველა რეგიონიდან.

მოვუწოდებ, ჩვენს მხარდამჭერებს, რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს, ჩემს თბილისელებს, მობრძანდით ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი გზას ევროპისკენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, შაბათ დღეს, 14 დეკემბერს ქართული ოცნების ღონისძიებაზე საჯარო მოხელეების ჩამოსვლა დანაშაული არ არის. “მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს: შეიძლება ბევრი სხვადასხვა საჯარო სამსახურში მუშაობს, შეიძლება ბევრი არ მუშაობს. თუმცა კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ არანაირი კანონდარღვევა არ არის, თავისუფლად, შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ და მობრძანდეთ და ერთად დავესწროთ ამ ღონისძიებას. ვერაფერი ვერ შეზღუდავს თქვენს აქ ჩამობრძანებას. ქართული ოცნება ყველანაირი ტრანსპორტირების ხარჯებს თავის თავზე იღებს”, – განაცხადა კახა კალაძემ