ირაკლი კობახიძე : ზურაბიშვილის განცხადებები „ქართული ოცნების“ რეპუტაციას ვერ დააზიანებს

მარიამ ახალკაცი

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ  პრეზიდენტისთვის გადადგომის რეკომენდაციით მიმართვა არასწორია, თუმცა სალომე ზურაბიშვილს განცხადება ცუდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„თუმცა, რაც შეეხება გადადგომას, ეს ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება. არასწორია პრეზიდენტის მიმართ ასეთი რეკომენდაციით მიმართვა. მით უმეტეს, ორი წუთის წინ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, კრიმინალ დეპუტატს უნდა შეუწყდეს თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება. ამას აყენებენ ეჭვქვეშ იგივე კოლეგები და ამ დროს, ისინი სხვა სტანდარტით გვესაუბრებიან პრეზიდენტზე. ეს არ არის სწორი. ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი პარლამენტის შემთხვევაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ყველას შეუძლია თავისი შეფასება გააკეთოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, ზურაბიშვილის განცხადებები „ქართული ოცნების“ რეპუტაციას ვერ დააზიანებს:

„საქართველოს პრეზიდენტი არ არის „ქართული ოცნების“ შემადგენელი ნაწილი. ჩვენი მხარდაჭერით არის არჩეული, თუმცა „ქართული ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის. შესაბამისად, მას აქვს თავისი დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა, განცხადება არ მოგვეწონა და ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ შეფასებას. თუმცა რაღაციდან სხვა რაღაც არ უნდა შევქმნათ. როდესაც საუბარია პოლიტიკურ ცოდვებზე, ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს. ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით რაღაც ქარიშხალს. მოდით, ამ ყველაფრის დრამატიზებასაც ნუ გავაკეთებთ“, – განიცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.