2020 წლის ბიუჯეტი – საქართველოს ეკონომიკა კიდევ 1 ნაბიჯით უკან წავიდა

ირაკლი მურცხვალაძე – ეკონომისტი

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
გამომსვლელებმა საზეიმოდ გვამცნეს, რომ ბიუჯეტი წინა წლის 13,5 მილიარდიდან 14,5 მილიარდ ლარამდე იზრდება. ასევე იზრდება სხვადასხვა საჯარო უწყებების ხელფასები და დახმარებები. ყველას უხარია, ქვეყანაც და საჯარო სექტორიც უკეთესადაა.

ერთადერთი დეტალის თქმა “გამორჩათ” გამომსვლელებს – გაისათ სახელმწიფო ბიუჯეტი 3 მილიარდი ლარის ვალს იღებს!

ეს ის ვალია, რომლითაც ჩვენ გვიზრდიან ხარჯებს – ამ ხარჯების დიდ ნაწილზე მერე ცალკე დავწერ რამდენად მიზნობრივია – ვალი რომელიც ჩვენი გადასახდელი იქნება.

გადასახადებზეც (სანამ ცალკე დეტალურად დავწერ მაგასაც), 14,5 მილიარდი ლარიდან გადასახადები მხოლოდ 10,5 მილიარდ ლარს შეადგენს. ანუ წლევანდელ ბიუჯეტში გადასახადების და ვალის შეფარდება დაახლოებით 1/3 შეადგენს. ეს ჩვენი ქვეყნის ზომის და მაკროეკონომიკის გათვალისწინებით საკმაოდ ცუდი ვითარებაა.
ბიუჯეტის უარყოფითი სალდო 1,7 მილიარდ ლარს შეადგენს (ზოგი დეფიციტს ეძახის ამას), რაც ცდება მშპ-ს 3% მაქსიმალურ ზღვარს. ჩვენი ვალუტის გაცვლით კურსს და მარკოეკონომიკურ სტაბილურობას ეს ბედნიერება აკლდა მარტო.

ეკონომისტები ენაზე რომ არ მომივიდეს ბევრის წერა, გუშინ საქართველოს ეკონომიკა კიდევ 1 ნაბიჯით უკან წავიდა წინასაარჩევნო პოპულიზმის გამო, რასაც მალე ჯიბეზე ვიგრძნობთ თითოეული ჩვენთაგანი.