თამარ ტალიაშვილმა და სოფიო ხუნწარიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლეს

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის დელეგაციას თბილისის საკრებულოში უმასპინძლეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მერის მრჩეველი, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე.

შეხვედრის მიზანს ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურული ტურიზმის განვითარება და კულტურულ-საფესტივალო პლატფორმებით თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.

მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივ მიმდინარე და დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებზე, მათ შორის, UNESCO-ს მიერ 2021 წელს თბილისის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დასახელების ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობაზე. ასევე თეატრის, ფოტოხელოვნების, მუსიკის, კინოს, ლიტერატურისა და სხვა ფესტივალების ფარგლებში ერთობლივ პროექტებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა, UNESCO-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის გენერალური მდივანი ლევან ხეთაგური. ჩინეთის დელეგაციას წარმოადგენდა ჩინეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლი ქუანგუანგი, ჩინეთის ფოტოგრაფთა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე პენგ ვენლინგი, ჩინეთის მუსიკოსთა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე ხიონგ ვეი, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე ზანგ ხიჰაი, GFLA-ს უფლებებისა და ინტერესების დაცვის დეპარტამენტის საკოორდინაციო და მომსახურების განყოფილების უფროსის მოადგილე ხუ ჰაო.

ჩინეთის კულტურის სფეროს მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი UNESCO-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის ინიციატივით მოეწყო. შეხვედრას წინ უძღვოდა ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში, ასევე ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი თბილისის საკრებულოში, რის საფუძველზეც 2019 წლის სექტემბერში ჩინეთი მასპინძლობდა რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრს 4 ქალაქში, დეკემბერში კი ჩინური ტრადიციული თეატრი საქართველოს 4 ქალაქში გამართავს წარმოდგენებს, მათ შორის, თბილისში მაკბეტი ნაჩვენები იქნება 14-15 დეკემბერს რუსთაველის თეატრში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებასა და კონკრეტულ პროექტებზე შეთანხმდნენ.