პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს არის საზეიმო ღონისძიება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებას ქუთაისიდან 3700-ზე მეტი ადამიანი უერთდება. ,, ქართული ოცნების” წარმომადგენლების თქმით, ეს მხოლოდ რეგისტრირებული რიცხვია და დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებას ბევრად მეტი მოქალაქე შეუერთდება. მმართველი პარტიის მხარდამჭერები ქუთაისში სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ. კოლონები ქუთაისიდან გამთენიისას დაიძრა.

ღონისძიებაზე დასასწრებად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სამეგრელოდან გაემზავრნენ. მათი თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე დგას საქართველოს მომავალი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გიორგი მანველიძის განცხადებით, აჭარიდან ღონისძიებაზე დაახლოებით 10 ათასი კაცი მიემგზავრება.