ჩოლოიანმა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბრალის დადგენილებას ხელი ვერ მოაწერა

მარიამ ახალკაცი

დაკავებული მარინა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს , ამის შესახებ მისმა ადვოკატმა  კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ჩოლოიანს ბრალი კავკასიის მედიცინის ცენტრში წარუდგინეს, სადაც ის მკურნალობას გადის. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც ვერ მეტყველებს, ხელის ჟესტუკულაციის საშუალებით კი მიანიშნა, რომ წარდგენილ მუხლში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

გაგი მოსიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, წარდგენილ ბრალზე ხელის მოწერა ვერ შეძლო, რის გამოც, გარეშე პირის მიწვევა გახდა საჭირო, რათა ბრალის ფორმულირებას გასცნობოდა.

“მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბრალდებულმა ვერ შეძლო ხელი მოეწერა დოკუმენტზე, ამ შემთხვევაში, ბრალის დადგენილების დოკუმენტს და საჭირო გახდა გარეშე პირის მოწვევა. გარეშე პირად შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ადასტურებს, რომ პიროვნებას მართლა გაეცნო ბრალი,” – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.