ჯარისკაცებისთვის ხელფასების ზრდის პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 100 დღის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში ყურადღება ახალ, ჯარისკაცზე ორიენტირებულ სოციალურ პოლიტიკაზე გაამახვილა. თავდაცვის უწყების მთავარ ვალდებულებად და პრიორიტეტად კი, ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა დაასახელა. 2020 წლის იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ. „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვას და ფინანსურ მხარდაჭერას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პროცესში, მინისტრმა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და წეროვანის ახალი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ამერიკული მხარის ფინანსური კონტრიბუციით აშენდა.

„კომპლექსი რეგიონში უნიკალური იქნება და თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო და ადაპტირებული ინვენტარით აღიჭურვება. ცენტრი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს დაეხმარება, როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ისე სპორტულ მომზადებაში შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ამ ძალისხმევისთვის და გაწეული დახმარებისთვის. როგორც იცით, სამინისტრო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად, წეროვანში, იანვარში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობას დაასრულებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის ქართულმა მხარემ დაახლოებით მილიონი ლარი, ხოლო ამერიკულმა მხარემ 5 მილიონ დოლარამდე გაიღო.

მინისტრის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თემას დაეთმო. ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ზრუნვის პროცესში, ღირსეული ანაზღაურება და ჯანმრთელობის დაზღვევის მაღალი სტანდარტი პრიორიტეტს წარმოადგენს: „1 ნოემბრიდან სამხედროებს ჩვენ ანაზღაურება წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე გავუზარდეთ და ხელფასების ზრდის პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება“ -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2020 წელს, სამხედროების ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 22 მილიონი ლარი გამოიყოფა. მინისტრის განცხადებით, ჯარისკაცები განახლებული სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ. დაგეგმილია ამბულატორული, სტაციონარული, მედიკამენტოზური და სტომატოლოგიური სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებული სერვისების უზრუნველყოფა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში: „დაზღვევის პრობლემა ჯარში იდგა ძალიან მწვავედ. ამ საკითხის მოწესრიგება და გაუმჯობესება ჩვენ მოსვლის დღიდანვე მიზნად დავისახეთ. ჩემი დავალებით გაუმჯობესებული სადაზღვევო პირობებით ჯარისკაცებმა შეუზღუდავი მომსახურების მიღება ნებისმიერ კლინიკაში უნდა შეძლონ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.