სუფრიდან ძალადობამდე რამდენი სადღეგრძელოა?

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი.

სუფრა ეს რიტუალიზირებული ინსტიტუტია, რომელიც სოციალურ ფუნქციას ასრულებს, მაგალითად: გართობა, კომუნიკაცია ადამიანებს შორის, კავშირების დამყარება თუ არსებულის გამყარება.

საერთო ჯამში ემსახურება იმ სოციალური მხარდამჭერი ქსელის შენარჩუნებას, რომელსაც  ცხოვრების განმავლობაში ვიძენთ(ნაცნობების სახით). თუ სუფრა ადრე  ნადიმის ხასიათს ატარებდა და ადამიანები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობის გამოსახატავად ერთმანეთს ჭიქას“უჭახუნებდნენ”, საქართველოსათვის რთულ პერიოდში სუფრის ირგვლივ არისტოკრატიული წრის ადამიანები სამშობლოს გადასარჩენად იბრძოდნენ.

სუფრა  იყო და არის ნაციონალური იდენტობის გამოხატულება სადაც კარგად ჩანს იერარქია, სოციალური სტატუსი და გენდერული რეალობა.

სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა გესაუბროთ.

სუფრა, რომელზეც ასე იწონებენ თავს მამაკაცები ქალის მოხერხებულობისა და გემოვნების გამოხატულებაა,მაგრამ მას შემდეგ რაც სუფრას მიუსხდებიან საწყის ეტაპზე ქალს “დაამატე” ”აალაგეს”ამპლუაში თუ იხილავთ.

რამდენიმე ჭიქის შემდეგ უკვე ღიმილითა და სიამაყით იწყება ქალის მოწვევა და სადღეგრძელოთი მისი შემკობა, აღიარება, დალოცვა, სიყვარულის ახსნა – ყველაფერი ფანტაზიის საზღვრებზეა დამოკიდებული.

რეალურად  კი გენდერული თანასწორობა ქართული სუფრის თანამდევ მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს არ ცდება.

ხშირად ქალი  სწორედ იმ სუფრის ალაგებასაც ვერ ასწრებს, რომელზეც ქალღმერთად აღიარეს ისე ხდება ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მართლაც რა პარადოქსია, რომ ქალებზე ძალადობას სწორედ ის მამაკაცები ჩადიან რომლებიც როგორც წესი სუფრაზე მთელი მონდომებით ლოცავენ მას.

უნდა გვესმოდეს, რომ ოჯახში, სადაც ძალადობენ ქალზე, ძალადობენ ბავშვზეც!

საბოლოო ჯამში ძალადობენ საზოგადოებაზე!

დავფიქრდეთ, შევჩერდეთ და გვერდს ნუ ავუვლით ქუჩაში კაცს, რომელიც თქვენს თვალწინ ძალადობს ქალზე, ნუ დავიხშობთ ყურებს, როცა  კედელს მიღმა განწირული ხმით ყვირის ბავში, მოხუცი ან ქალი!

“ოჯახის საქმე”!

ამ სიტყვების უკან  ვდგევართ ჩვენ, დგანან ჩვენი შვილები!

გიფიქრიათ იმაზე, რომ მოძალადის ოჯახში აღზრდილი ბავშვი პოტენციურად თქვენი სიძე ან რძალია?

დღეს, ძალადობის შემსწრე მსხვერპლი და  ხვალ პოტენციური მოძალადეა?

და მაინც მაწუხებს კითხვა სუფრიდან ძალადობამდე რამდენი სადღეგრძელოა?!

კომენტარის დატოვება