“ევროპული საქართველოს” შეფასებით, აშშ-ის განცხადება უმძიმეს პრობლემაზე მითითებაა

მარიამ ახალკაცი

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, მთავრობისადმი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, რომ პროკურატურა არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული, მართლმსაჯულების სისტემაში უმძიმეს პრობლემაზე მიუთითებს.

„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მთავარი ნაწილი ეხება ხელისუფლებისადმი მოწოდებას, რომ პროკურატურამ არ განაგრძოს პოლიტიკური დევნა, ანუ არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული, და ასევე, მოუწოდებს, რომ გააგრძელოს დიალოგი ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე“, – უთხრა მედიას ოთარ კახიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 23 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის დადებითად შეფასებას, კახიძის თქმით, „დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ერთი რაღაც პოზიტივი ჩაეწერათ“.