ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოიტანეს გამაოგნებელი და ჩვენი ოჯახისთვის გამანადგურებელი განაჩენი

მარიამ ახალკაცი

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ მისიებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ექიმის მხარდამჭერ სპეციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, მისი ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოტანილი განაჩენი შემაძრწუნებელია არამხოლოდ მათთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის, ვისთვისაც ადამიანის უფლებები უმთავრესი ღირებულებაა. “არ უნდა მოვდუნდეთ, ახლა მოქმედების დროა”, წერენ ვაჟა ექიმის მეუღლე და შვილები და იმედოვნებენ, რომ სადღესასწაულო დღეების მიუხედავად დიპკორპუსის მხარდაჭერა და ძალისხმევა, შედეგისმომტანი იქნება.

“მიუხედავად არაერთი მცდელობისა, 20 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოიტანეს გამაოგნებელი და ჩვენი ოჯახისთვის გამანადგურებელი განაჩენი – წელიწადი და ცხრა თვე ექიმმა ციხეში უნდა გაატაროს! შესაბამისად, ეს განაჩენი შემაძრწუნებელია არამხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის, მომლოდინე პაციენტებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის მსოფლიოში, ვისთვისაც ადამიანის უფლებები უმთავრესი ღირებულებაა!” – აღნიშნულია განცხადებაში.