კახა კალაძე ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე აბსოლუტურად ყველას ეპატიჟება

მარიამ ახალკაცი

“მინდა დავპატიჟო აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა” – კალაძე ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე

თბილისის მერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე ყველას ეპატიჟება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა – ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კალაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საახალწლოდ დაგეგმილ კონცერტებში ესტრადის ყველა ვარსკვლავი მონაწილეობს განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა.

“საღამოს 8 საათზე იქნება ნაძვის ხის ანთების ოფიციალური ცერემონია, მინდა დავპატიჟო აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, მობრძანდით, ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ თქვენი პოლიტიკა, წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები, თბილად ჩაიცვით, ცოტა ცივა, საკმაოდ საინტერესო ღონისძიება იქნება… ესტრადის ყველა ვარსკვლავი მონაწილეობს ჩვენს ღონისძიებებში განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა,” – აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, სხვადასხვა ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით იქნება.