გრიპის ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

მარიამ ახალკაცი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის მიმდინარე სეზონზე ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ გარდაცვალებულებს H1N1 ვირუსი ჰქონდათ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მედიასთან განაცხადა, რომ ორივე მკურნალობის დაგვიანებული შემთხვევა იყო:

„სამწუხაროდ ორი გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, მოზრდილის, საავადმყოფოებში. ორივე გახლდათ დაგვიანებული შემთხვევა და ორივე გახლდათ თანმდევი ანუ თანმხლები მძიმე ქრონიკული დაავადებებით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით, გრიპის მიმდინარე სეზონზე ცირკულირებს ა და ბ ტიპის ვირუსები. აქედან სამჯერ მეტადაა გავრცელებული ბ ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

„დღევანდელი მონაცემებით, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე მძიმე შემთხვევები სტაციონარებში შედარებით ნაკლებია, ვიდრე ამ დროისთვის იყო შარშან”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.