გუგუტიანთკარში სახელმწიფო მინისტრი და კარდინალი იმყოფებოდნენ…

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოში ვიზიტად მყოფ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივან კარდინალ პიეტრო პაროლინისთან ერთად, გამყოფი ხაზისპირა სოფელ გუგუტიანთკარსა და წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა.

გუგუტიანთკარში სახელმწიფო მინისტრი და კარდინალი იმ ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ უკანონო ბარიერები აღიმართა. ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს ადგილზე არსებული ვითარება და გამყოფი ხაზისპირა სოფლის საჭიროებები გააცნო. დეტალურად ისაუბრა მავთულხლართების პირისპირ ცხოვრებით გამოწვეულ სირთულეებზე და ადამიანებზე, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, რომლებიც ამ უკანონო გადაწყვეტილებით ყოველდღიურად ზარალდებიან.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 4 სექტემბრიდან უკანონოდაა ჩაკეტილი და რამაც რეგიონში სრული ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა. სწორედ ამ თემაზე გაგრძელდა საუბარი მოგვიანებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში, სადაც ქეთევან ციხელაშვილი, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივან პიეტრო პაროლინისთან ერთად, ოკუპირებული ახალგორიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე, ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვით გამოწვეულ სირთულეებსა და მოსახლეობის საჭიროებებზე უშუალოდ ადგილობრივებისგან მოისმინეს. ისაუბრეს ოჯახებზე, რომლებიც აღნიშნული შეზღუდვის გამო უკვე მეოთხე თვეა გაყოფილია და ახალგორის მოსახლეობაზე, რომლებიც ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებს. ხაზი გაესვა მიმოსვლის დაუყოვნებლივ აღდგენის აუცილებლობას.