ვფიქრობ, მოგვიწევს ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ვარაუდობს, რომ ჩინეთიდან ფრენების დროებით შეჩერების აუცილებლობა დადგება. მისივე თქმით ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ჯანდაცვისა და სხვა უწყებები ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში არიან ჩართულნი და ყველაფერი კეთდება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით აუცილებელი პრევენციული ღონისძიებების გატარებისთვის.

“პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ლიდერობა ამ პროცესზე, მაგრამ ყველანი ვმონაწილეობთ. ხორციელდება სკრინინგი ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე და ჩვენც ვართ ჩართული, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება მიიღება, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ,” – განაცხადა ნათია თურნავამ.