აფხაზეთის ომის გმირების სახელები სკოლებს მიენიჭებათ

თბილისის ორი  საჯარო სკოლისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელების მიენიჭებაზე განათლბისა და კულტურის კომისიაზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის 62-ე საჯარო სკოლისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებისა და 94-ე საჯარო სკოლისთვის ჯამბულ წურწუმიას სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის საკითხებზე იმსჯელეს.

სკოლებისთვის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის ინიციატივა განათლებისა და კულტურის კომისიამ სკოლების მიმართვის საფუძველზე საჯარო სხდომის ფორმატში განიხილა.

საჯარო განხილვაში თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სსიპ თბილისის 62-ე და სსიპ თბილისის 94-ე საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები, პერსონალი, მოსწავლეები და მშობლები. სხდომას ასევე ესწრენოდნენ ჟული შარტავასა და ჯამბულ წურწუმიას ოჯახის წევრები და მემკვიდრეები.

„სკოლისთის გმირის სახელის მინიჭება ნიშნავს აღზარდო მომავალი თაობა წარსულის ღირებულებითა და მომავლის რწმენით, სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით განვიხილავთ სკოლებისთვის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის საკითხს.“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა სეპარატისტებმა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. 2004 წელს, მას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მაიორი ჯამბულ წურწუმია ასევე  აფხაზეთის ომის გმირია. 1993 წლის 18 სექტემბერს სეპარატისტების მორიგი შემოტევისას, მდინარე კოდორთან გამართულ სასტიკ ბრძოლებში გმირულად დაიღუპა და სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ჯამბულ წურწუმიამ დაწერა ნაწარმოები „აპოკალიფსის მხედარი“, რომელიც საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა გიორგი შერვაშიძის პრემიით დააჯილდოვა.