ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს შუალედურ ანგარიშს, რომელშიც შეფასებულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016 წლის 8 ივნისიდან 25 სექტემბრამდე არსებულ დროის შუალედს.

ჩვენ მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას არ მიუღწევია ისეთი მასშტაბებისთვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე. მუხედავად ამისა მაინც დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი.

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • არჩევნების პროცესზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების შესახებ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც ეტაპობრივად ქვეყნდებოდა სხვადასხვა ვებგვერდების მეშვეობით. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოებმა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაასრულეს გამოძიება წარმატებულად და ვერ მისცეს პასუხისგებაში ამ ჩანაწერების ავტორი ანდა გამავრცელებელი;

  • აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით გამოყენების ყურადსაღები შემთხვევა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას გამოიკვეთა;

  • აღსანიშნავია მიმდინარე წლის გაზაფხულზე ზოგიერთი ბაგა-ბაღის თანამშრომლების საეჭვო გარემოებებში გათავისუფლება;

  • წინასაარჩევნოდ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ხშირად კეთდებოდა განცხადებები მათ მხარდამჭერებსა და საარჩევნო კანდიდატებზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ მათ შორის სუსის თანამშრომლების მიერ საარჩევნო შეხვედრებზე დასწრების შესახებ. მიუხედავად ამისა, რთული აღმოჩნდა ასეთი ფაქტების უმეტესობის გადამოწმება/დადასტურება. სამართალდამცავი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასეთ ფაქტებზე გამოძიებას არც ერთი პირი არ მიუცია პასუხისგებაში;

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • ზოგიერთმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ჩვენი აზრით, არასამართლიანი ან კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. ამ კუთხით აღსანიშნავია პარლამენტის მიერ მიღებული უფასო სარეკლამო დროის განაწილების ახალი წესი და ცესკოს ორი დადგენილება.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • აღსანიშნავია მმართველი პარტიის „ქართულ ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მასშტაბური მობილიზება, რასაც, ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ჰქონდა ადგილი;

  • ასევე, დაფიქსირდა უკანონო აგიტაციის ბევრი ფაქტი, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით;

  • ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება ვიდეორგოლებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივ ბიუჯეტის ცვლილება, რომლითაც ცალსახად დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნები.

  • რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, ანუ სიტუაციას, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ისეთი საბიუჯეტო პროგრამების ინიცირება ხდება, რომლებიც ძირითადად ამომრჩევლის გულის მოსაგებად არის გამიზნული, აღსანიშნავი იყო ცენტრალური ხელისუფლების ორი ინიციატივა: ა) პენსიების მატება პირველი ივლისიდან და ბ) მაღალმთიანი დასახლებებისთვის პირველ სექტემბერს ამოქმედებული შეღავათები.

კომენტარის დატოვება