“ჩვენ კი არ ვთამაშობთ, როცა გარკვეულ ციფრებზე ვსაუბრობთ…”

100/50-ზე ყველაზე ოპტიმალური საარჩევნო მოდელია, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ასეთი სისტემა რეგიონებში მაჟორიტარების რაოდენობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ციფრების სხვა გადანაწილებით კი მსხვილი საარჩევნო ოლქები ნაკლები მაჟორიტარით იქნება წარმოდგენილი.

„აქ უკვე მაჟორიტარი თავის თავს ახალ მოდელში ვერ ხედავს. ჩვენ კი არ ვთამაშობთ, როცა გარკვეულ ციფრებზე ვსაუბრობთ. 100/50 არის ის უკიდურესი ვარიანტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ამ მოდელის გატანის საშუალებას პარლამენტში. ანუ არის უფრო მეტად პროპორციული. აქ არსებითი რა არის – ვერცერთი პარტია ამ მოდელის პირობებში ვერ იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ანუ 113 მანდატის მიღების პრაქტიკული რესურსი უკვე აღარ არსებობს, მაშინ როდესაც 77/73 პირობებში, იმ სურათიც, რომელიც ახლა არის ჩამოყალიბებული, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება თავისუფლად შეგვიძლია“, – განაცხადა დეპუტატმა.