სიღნაღში მუნიციპალურ სასადილოში სოციალურად დაუცველებს საკვებს აკლებდნენ

სიღნაღსა და წნორში კომპანია, რომელსაც 184 სოციალურად დაუცველი მოქალაქისთვის უფასო მუნიციპალურ სასადილოში კვება უნდა უზრუნველეყო, დადგენილთან შედარებით მცირე ულუფებს არასათანადო პირობებში ამზადებდა – სიღნაღის მუნიციპალიტეტმა ამ კომპანიის წინააღმდეგ სანქციები არ გამოიყენა. შედეგად, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ვერ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხიანი მომსახურება, – წერს აუდიტის სამსახური სიღნაღის მუნიციპალიტეტის შემოწმების შედეგად.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, უხარისხო საკვებსა და მცირე ულუფებზე მერიაში ბენეფიციარებს 2018 წლის განმავლობაში შეჰქონდათ განცხადებები. დარღვევების შესახებ იცოდნენ მერიაშიც. საკვები პროდუქტების ხარისხის და სასადილოს სანიტარული ნორმების შემოწმებისას არაერთხელ გამოვლინდა დარღვევები და შედგა აქტები მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ. მიუხედავად ამისა, 2018 წელს მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, 116,6 ათასი ლარი.