ვისი პასუხისმგებლობა დადგება წმ. ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტზე

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

🆘წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა ჩვენს თვალწინ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (მცირე) ეკლესიაში წინამძღვრის, დეკანოზ ისე (საერო სახელი – ბაღდო) არხოზიშვილის ხელმძღვანელობით უკანასკნელ წლებში:

1) აღნიშნული კადნიერებისა და მავნებლობის შედეგად განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რაც დიდი ისტორიული დანაკლისია, მით უფრო, რომ ეს ეპიგრაფიკული ძეგლები მეცნიერულად შესწავლილი და ფოტოფიქსირებული არ იყო.

2) მე-18 საუკუნის ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ფასადების კედლები მთლიანად დაფარულ იქნა ახალი ქვის (ნიჩბისის ნატეხი ქვა) პერანგით, რითაც სრულად დაიფარა ტაძრის უნიკალური, ისტორიული იერსახე და არქიტექტურა, რაც ასევე უნდა შეფასდეს, როგორც ძეგლის განადგურება და უმძიმესი დაზიანება.

შესაბამისად, აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ:

1)აღიძრას სისხლის სამართლის საქმე კანონით დადგენილი წესით ძეგლის და საფლავების განადგურებისათვის;

2) აეკრძალოს მღვდელმსახურება თავნება ჰეროსტრატე დეკანოზ ისე არხოზიშვილს;

3) გადადგეს ალავერდელი მიტროპილიტი დავითი საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის ცენტრის დე-ფაქტო ხელმძღვანელობიდან, როგორც უუნარო და უნიათო დაკისრებული მოვალეობისადმი;

4)კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყოს გადაუდებელი სარესტავრაციო პროცესი აღნიშნულ ისტორიულ ტაძარზე და დააკისროს ძეგლის მეპატრონეს – საქართველოს საპატრიარქოს შესაბამისი მატერიალური კონტრიბუციის გადახდა.

5) მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველმა მთავარეპისკოპოსმა (კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ, რომელიც ფიქტიურად ამავე დროს არის საქართველოს საპატრიარქოს რესტავრაციისა და ხუროთმოძღვრების ცენტრის ხელმძღვანელი) და მისმა მოსაყდრე-ქორეპისკოპოსმა შიომ დაშვებულ დიდ ეროვნულ დანაშაულზე აღიარონ თავისი წილი პასუხისმგებლობა და საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ამ და სხვა ღირშესანიშნავ ძეგლებზე გულგრილობისათვის. მართალია, ეს ბოდიში წაშლილ ისტორიას და შეურაცხყოფილ საფლავებს ვერაფერს უშველის, მაგრამ მორალური კუთხით მაინც ეს მეტად მინიმალისტური, მაგრამ სავალდებულო ნაბიჯია;

6) გათავისუფლდეს ვანდალი და უმეცარი დეკ. ისე არხოზიშვილი გრემის სასულიერო სემინარიის პროფესორის თანამდებობიდან. საინტერესოა რას ასწავლის მომავალ მღვდლებს საფლავთა მაოხრებელი, უტილიტარი და ვაიდეკანოზი, საფლავთა განადგურება-წაბილწვას, ახირებული ამბიციებით ტკბობას, თუ ტაძრების ისტორიული სახის წაშლას?!

როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სპეციალისტთა ჯგუფი ხვალ დილიდან ადგილზე შეისწავლის.

ბექა ბარამიძე

ვფიქრობ ეს შემთხვევა გახდება ერთგვარი კატალიზატორი საიმისოდ, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს თვითნებური ქმედება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საწინააღმდეგოდ…
ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სპეციალისტთა ჯგუფი ხვალ დილიდან ადგილზე შეისწავლის. წინასწარი შეფასებით არსებობს დიდი ალბათობა სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების, რამდენადაც სამუშაოები თვითნებურად და სარესტავრაციო ნორმების სრული დარღვევითაა შესრულებული. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ე.წ. რეაბილიტაციის საპროექტო განაცხადით სააგენტოსთვის არავის მოუმართავს, რაც კანონის უხეში დარღვევაა…

მსგავსი პრეცედენტების აღკვეთის მიზნით, უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხს სააგენტო საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთანაც განიხილავს.