ირაკლი შამათავას ნიკო ლორთქიფანიძის პრემია გადაეცა (ვიდეო)

ნიკო ლორთქიფანიძის პრემია ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისათვის

„გამშვები პუნქტი“ ცხოვრება ენგურს იქეთ და აქეთ

ირაკლი შამათავას წიგნი აფხაზეთზე და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფოტომასალა

 საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა მწერლის, ირაკლი შამათავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

„გამშვები პუნქტი“, – ასე დაარქვა მწერალმა ორენოვან გამოცემას, რომელიც გაგრძელებაა პროზაული გამოცემისა – „ბავშვობადაკარგული თაობა“.

წიგნი გვიამბობს 1990 წლების ორად გაყოფილ საქართველოზე. ენგურს გაღმა და გამოღმა მცხოვრებ ქართველებზე, იმ ხელოვნურ ბარიკადებსა და მავთულხლართებზე, რამაც ათი ათასობით ადამიანის ცხოვრება ტრაგედიად აქცია. მოთხრობები ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია და აღწერს დღევანდელი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ ყოფას, ომის სიმძაფრეს, ბავშვობისდროინდელ მოგონებებს. წიგნის გმირები ხან ხათრით ცხოვრობენ, ხანაც – ჯიბრით, მაგრამ მათ არ უნელდებათ შინ დაბრუნების განცდა. 27 წლის შემდეგაც, დაბრუნების სანაცვლოდ, დევნილები მზად არიან ახალი ცხოვრების დასაწყებად!

ახალგაზრდა პროზაიკოსი წიგნში აღწერილი ფაქტების თვითმხილველია. პრეზენტაციაზე აჩვენეს ფოტომასალა, რომელიც აფხაზეთში ყოფნის დროს მწერალმა თავად გადაიღო. აღნიშნულ ფოტოებთან ერთად, ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო ფოტოგრაფისა და მწერლის, ვაჩე რაინდელის ფოტომასალა, რომელზეც აღბეჭდილია აფხაზეთში დღეს არსებული არქიტექტურული ძეგლების მდგომარეობა.

პრეზენტაციაზე, როგორც წიგნის რედაქტორმა ნინია სადღობელაშვილმა აღნიშნა, აფხაზი და ქართველი იმ საერთო შინაარსის სათავესთან იკვეთება, სადაც ისტორია ყველაზე ზუსტი და შეუვალია. სწორედ ამ ერთიანობაზე მეტყველებს ის, რომ კრებული ორენოვანია – ქართული და აფხაზური. ეს მწერლის მკაფიო პოზიციაა. მისი შეტყობინებაა – ომს სიყვარული ამარცხებს.

საღამოზე, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა ირაკლი შამათავას მიანიჭა ნიკო ლორთქიფანიძის პრემია, – ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის.

„გამშვები პუნქტი“ მწერლის რიგით მე-7 წიგნია. ირაკლი შამათავა არის გურამ რჩეულიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი. 2016 წელს, მას გადაეცა პრემია ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მწერლის ნაწარმოებები იბეჭდება ინგლისურ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და აფხაზურ ენებზე.

ირაკლი შამათავა არის საავტორო უფლებათა ასოციაციის, აფხაზეთის ლიტერატორთა და შემოქმედთა გაერთიანებისა და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, სამართლის დოქტორანტი და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი.