საქართველო აქტიურად არის ჩართული სატრანზიტო მარშრუტების და დერეფნების განვითარების პროცესში

„საქართველო ძალისხმევა სრულად არის მიმართული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისკენ და მოვუწოდებთ როგორც აშშ-ს, ისე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შავი ზღვის რეგიონისადმი მიძღვნილ პანელზე სიტყვით გამოსვლისას.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული სატრანზიტო მარშრუტების და დერეფნების განვითარების პროცესში და ისეთ პროექტებში, როგორებიცაა შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო დერეფანი, „ლაპის ლაზული“, სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ მნიშვნელოვნად შეამცირა ევროპიდან ჩინეთამდე ტვირთის გადაზიდვის დრო.