გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მეორედ არჩეულმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტს მადლობა გამოჩენილი ნდობისათვის გადაუხადა, ჟურნალისტებს კი პროცესების აქტიურად გაშუქებისთვის.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს და საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერისთვის, მადლობა ჟურნალისტებს აქტიური მონაწილეობისთვის,”- განაცხადა შოთაძემ.

შოთაძის თქმით, მისი საქმიანობის პრიორიტეტებზე მან საპროკურორო საბჭოზე უკვე ისაუბრა. გენერალური პროკურორის თქმით, უწყებაში ბევრი გამოწვევაა და ბევრი საქმეა გასაკეთებელი:

“რაც ვისაუბრე გასაუბრებაზე, ის იქნება პრიორიტეტები, არის ძალიან ბევრი გამოწვევა, ბევრი საქმეა გასაკეთებელი,”- აღნიშნა შოთაძემ.

შოთაძემ კომენტარი არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ გენერალურ პროკურორად მისმა დამტკიცებამ პროტესტის ფონზე ჩაიარა:

“ჩემი კომპეტენცია არ არის პოლიტიკური პროცესების შეფასება, ამ საკითხის შეფასებას არ ვაპირებ,” – აღნიშნა შოთაძემ.