ოკუპანტების მიერ ქართულწარწერებიანი მედიკამენტების აკრძალვაზე სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს რეაგირებას სთხოვს

მარიონეტული რეჟიმის მიერ ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილებს უგზავნის.

სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი წერილებში აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მედიკამენტების გავრცელება აიკრძალა, ასევე  ჩაკეტილია ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტი, რაც პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევია. აღნიშნული ვითარების გამო, რთულ მდგომარეობაშია  ჩავარდნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და განსაკუთრებით კი, პენსიონერები, ის ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და მუდმივად მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებენ.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვითა და მედიკამენტების მოხმარების აკრძალვით იზღუდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც ჯანმრთელობის უფლებას, სიცოცხლის უფლებასა და გადაადგილების თავისუფლება ეხება.

პრეზიდენტი კომისრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ყურადღების გამახვილებისა და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, გადასასვლელი პუნქტის გახსნისთვის რეაგირებისაკენ მოუწოდებს.