სამთო მომზადების სკოლის დაარსების დღე

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებიდან 14 წელი გავიდა. სკოლის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ მიულოცა, სამთო მომზადების სკოლის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და ფრანგულ მხარეს სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა დანი პიტმა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, ბენიამინ ფალავანდიშვილმა.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. სკოლის მეთაურსა და ორ სამხედრო მოსამსახურეს ცეცხლსასროლი იარაღი, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილს კი, სხვადასხვა უწყებრივი მედალი გადაეცათ. პოლკოვნიკმა დანი პიტმა სამთო მომზადების სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს სახელით, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა. ღონისძიება საჩვენებელი სწავლებითა და საზეიმო მიღებით დასრულდა.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მშენებლობას 2005 წელს ჩაეყარა საფუძველი და 2006 წელს ოფიციალურად გაიხსნა. სკოლა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა და მატერიალურ-ტექნიკური ქონებით სრულად აღიჭურვა. საქართველოსა და საფრანგეთს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით, საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად, სკოლაში სასწავლო კურსების პროგრამები შემუშავდა. 2010 წელს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმად საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის“ სტატუსი მიენიჭა. ამჟამად, საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მსმენელებს სთავაზობს საერთაშორისო კურსების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვის.