“თუ გიფიქსირდებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძლიერება, აუცილებლად მიმართეთ ინფექციურს”

“თუ გიფიქსირდებათ მაღალი ტემპერატურა,  ხველა ქოშინი, სუნთქვის გაძლიერება, ასევე თუ ბოლო ორი კვირის მანძილზე იმოგზაურეთ საზღვარგარეთ,  დაუყონებლივ მიმართეთ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს”.- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. ამირან გამყრელიძის განცხადებით,   დაინფიცირების რისკი მომატებულია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საქართველო აძლიერებს პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს.

“ის ღონისძიებები, რაც ხორციელდებოდა საქართველოს საზღვრებზე ჩინეთში მოგზაურობის მსურველ ადამიანებზე, უტარდებოდათ თერმოსკრინინგი და ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, დღეიდან ეს გავრცელდება   ირანში ბოლო  ორი კვირის განმავლობაში ნამყოფ ადამიანებზეც. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა იგივე პროცედურის განხორციელებაზე სხვა მაღალი დასნებოვნების მქონე ქვეყნებიდანაც.”- განაცხადა გამყრელიძემ.

დღეისათვის კორონავირუსით დაავადებული პაციენტები ჩინეთის ყველა პროვინციაშია დაფიქსირებული, თუმცა ამ რეგიონში ორი კვირის მანძილზე ახალი შემთხცვევების კლებაც არის.  ჩინეთში სულ 2443 გარდაიცვალა,  24 700 კი  გამოჯანმრთელდა. ინფექცია გასცდა ჩინეთის საზღვრებს და უკვე მსოფლიოში 18 გარდაცვალების და დაინფიცირების 1800-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, ეს ქვეყნებია სამხრეთ კორეა, სინგაპური, იტალია, ირანი.

დაინფიცირების რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ გულ სისხლძარღვით დაავადებული, დიაბეტიანი, სიმსივნიანი  და იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანები.