“თოვდა და თბილისს ებურა თალხი” – საქართველოს ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა

99 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა  ძალით გამოყენებით საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისში მე-11 არმია შეიჭრა და დედაქალაქში  საჭოთა დროშა აღმართა.

რუსეთის არმია  საქართველოს დაპყრობის მიზნით   11-12 თებერვალს შემოიჭრა. მაშინ მტერს მხოლოდ იუნკრების 500 კაციანი რაზმი შეეწინაღმდეგა, რომლებიც 20-25 წლის ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული.  უთანასწორო ბრძოლები ძირითადად კოჯრისა და ტაბახმალას შემოგარენში მიმდინარეობდა. მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ საქართველო  უძლური აღმოჩნდა. ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც 25 თებერვალს დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ჯერ ბათუმში, ხოლო იმავე წლის მარტში  ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.

საქართველოს გასაბჭოება-ოკუპაციის ფაქტს კოლაუ ნადირაძემ ემოციური ლექსიც მიუძღვნა:

 

თოვდა და თბილის ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი!

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს –

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი…

იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვს დაეფარა კრწანისის ველი…

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.