“მოვუწოდე თანამეგობრობას, არ დახუჭონ თვალი რუსეთის უკანონობაზე”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  ჟენევაში ვიზიტი შეაჯამა.

დავით ზალკალიანის  განცხადებით,  ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობის მიზნით  მაქსიმალურად  შეეცადა   ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობასთან დაკავშირებით  შექმნილი ვითარებაზე  ესაუბრა.

“მე ვისაუბრე ასევე იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მკვლელობების  ოთხივე შემთხვევა მკაფიოდ გავაჟღერე და მოვუწოდე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ არ დახუჭონ თვალი ამ უკანონობაზე, რადგანაც ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ის, რომ დღევანდელი მსოფლიო არის შესული ასეთ კრიზისში, არის იმის ბრალი, რომ რამოდენიმე წევრი ქვეყანა, მათ შორის, ერთი განსაკუთრებულად, რუსეთის ფედერაცია, არ ასრულებს მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებას“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანის განმარტებით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას სირიასა და ვენესუელაში არსებულ მძიმე ვითარებაზეც ისაუბრა.

„გამოსვლაში ასევე ვისაუბრე იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი სირიასა და ვენესუელაში. სწორედ მსგავსი საკითხების ხმამაღლა გაჟღერება, ამ თემების აქტუალიზაცია და საერთაშორისო თანმეგობრობის ერთიანი პოზიცია არის უმნიშვნელოვანესი, რათა მსოფლიო გაუმკლავდეს იმ გამოწვევას, რაც არის დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან“ – განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრმა.