მთელ მსოფლიოში რისკი ძალიან მაღალია კორონავირუსის გავრცელების

400-მდე ინფიცირებული და 34 გარდაცვლილი – ასეთია კორონავირუსის შესახებ ირანის ოფიციალური მონაცემები. განსხვავებულ სტატისტიკას ავრცელებს “ბი-ბი-სი” წყაროზე დაყრდნობით.

მედიასაშუალების ინფორმაციით, თეირანი რეალურ მონაცემებს მალავს და რეალურად, ვირუსმა 210 ადამიანი იმსხვერპლა. ახალი ვირუსით დაინფიცირებულთა შორისაა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და პარლამენტის წევრები. 10-დღიანი უშედეგო მკურნალობის მიუხედავად, ვირუსმა 23 წლის ირანელი ფეხბურთელი ქალი იმსხვერპლა.

ფატალური შემთხვევების რაოდენობით, ჩინეთის შემდეგ, ირანში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყანაში კარანტინი არ ცხადდება. თუმცა, ვირუსის პრევენციის მიზნით, ირანის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა.

“დიახ, მე კორონავირუსი დამიდგინდა. მართალია ქვეყანაში ვირუსი ფართოდ გავრცელდა, მაგრამ განგაშის მიზეზი მაინც არ გვაქვს. ამჟამად კარანტინში ვარ და აუცილებლად დავამარცხებ ამ ვირუსს,” – აცხადებს ირანის პარლამენტის წარმომადგენელი მოშტაბა ზოლნური.

რეკორდულად იზრდება დაინფიცირების შემთხვევები სამხრეთ კორეაში. ვირუსს უკვე 3000-მდე პაციენტი ებრძვის. COVID-19-მა17 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. შექმნილი ვითარების გამო, ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დახურულია.