“ქრისტე უბრალო და სადა პიროვნებებთან ხარობს….”

გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი

მწერალი, თეოლოგი

-“არც ე.წ. “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” მომწონს და არც ლიბერტარიანელი სნობები არ აღმაფრთოვანებენ ხოლმე. პირველს ექსტრემისტული, ფანატიკური და ფუნდამენტალისტური სექტის სახება აქვს, ხოლო მეორეს კი სარკასტული, ცინიკური და მოათეისტო. ორივე ძალას უკიდურესი პოზიცია უკავია და არცერთია მათში სულიერების, თავმდაბლობისა და სიყვარულის მატარებელი.

“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს” ახასიათებს შეუვალი პედანტიზმი, პროფანირებული რწმენა ცოდნისა და სიყვარულის გარეშე, რომლისთვისაც უცხოა მაცხოვრის მისია, მადლის მნიშვნელობა, სხვის მიმართ შემწყნარებლობა, დაცემულისადმი ლმობიერება, თანაგრძნობა და რაც ყველაზე საგულისხმოა – სიხარულის ქონა, ანუ მართლმოწმუნე ადამიანისათვის, იდეაში აუცილებელი თვისება, რომელიც წესითა და რიგით აღდგომის მისტერიის მუდმივი განცდისა და იესო ქრისტესთან ცოცხალი ურთიერთობის გამოხატულება უნდა იყოს და არა მოჟამული სახით სიარულის, შავი სამოსის ჩაცმისა და სკვნილის მათრახივით ტარების დემონსტრირება.

სქიზმატური ტიპის ხსენებული ორგანიზაცია თავისი რადიკალიზმით, საბოლოო ჯამში ემსგავსება ფარისეველთა მოძალადე სექტას, რომელმაც თავად კაცობრიობის მხსნელი ღმერთკაცი უარყო და უცოდველ კრავს გაუმართა პოლემიკური დისპუტი ზეციურ იდეალებსა და ღვთაებრივ წეს-სწავლებასა და მოძღვრებაზე, რაც იმით დასრულდა, რომ მხსნელი სოფლისა, ანუ უმანკო კრავი მათთვის არაესთეტიური, სუსტი და პერსონა ნონ გრატა აღმოჩნდა, რამეთუ თავიანთ აზროვნებაში გავეშებულ შურისმაძიებლობას, წინააღმდეგობრივ კომპლექსებსა და გულგოროზობას ის ამხელდა. ამიტომაც არ მიიღეს იესო განკაცებულ ძე ღმრთისად და დაუწყეს სასტიკი დევნა მის “მოდერნისტულ” თუ “ნოვატორულ” ხედვებს, რომელიც მათი უტიფრული აზრით არც მეტი არც ნაკლები – ღვთის გმობა იყო. ამჟამინდელი “მოშურნენიც” თავიანთი ზილოტიზმითა და თვითნებული ისტერიით, ჭეშმარიტების დაცვის გზაზე თავად ჭეშმარიტების რეალურ მიმდევრებს აზიანებენ და საკუთარ თავს ცოცხალი და დინამიური ეკლესიის მიღმა აყენებენ ირიბად თუ პირდაპირ.

დარწმუნებული ვარ, ამ მარგინალურ მოძრაობას მეოთხე საუკუნეში, რომ “ეღვაწა” იოანე ოქროპირსაც კი “ღირსეულ ოპონირებას” გაუწევდა და როგორც ლიტურგიკული მსახურების რედაქტორს, რეფორმატორსა და წირვის ხანგრძლივობის შემამცირებელს შეაჩვენებდა კიდეც და მოდერნისტ ერეტიკოსად წარმოგვიდგენდა.

მრავალი პარალელისა და ლოგიკური მაგალითის მოხმობა კიდევაც შეიძლება, მაგრამ ამაზე არ შევჩერდები.

რაც შეეხებათ ვითომინტელექტუალ ლიბერალებს, ცხადია ისინი ფლობენ გარკვეულ ცოდნას (ზედაპირულ ერუდიციას), მაგრამ აკლიათ სიყვარული და თითქმის არ გააჩნიათ რწმენა. აგნოსტიკურ ლაბირინთში ახლართულებს, მეინსტრიმული მისწრაფება, პროტესტანტული სულის რიტორიკა და რელატიური პრინციპები გააჩნიათ, რომელიც აბსოლუტურად უცხოა ორთოდოქსული გამოცდილებისათვის. ისინი აბუჩად იგდებენ წმ. დიდ სჯულის კანონს, წმ. წერილის კომენტირებულ ტექსტებსა და ლიტურგიკულ საკრალურობას. იგონებენ რაღაც ახალს, თანაც ძველი მასალის გარეშე და ეყრდნობიან ხიბლისმიერ მშვინვიერებას. აგრეთვე, ამართლებენ ცოდვის ლეგალიზებას და ოდნავადაც არ ეცოდებათ წარწყმედის გზაზე მყოფი მოყვასი.

დასკვნის სახით ასე ვიტყოდი: ორივე ფრთას ახასიათებს დამღუპველი იმპერატიულობა და კატეგორიულობა. ორივე ცუდ მაგალითს იძლევა, ორივეს აკლია ზომიერება, ოქროს შუალედური დამოკიდებულება და სამეუფეო გზაზე სვლა. არცერთი არ არის მაცხოვნებელი და გადამრჩენელი პლათფორმა, ორივე ამპარტავნების ეგოისტურ ვექტორზე დადის და თავისი დესტრუქციულობით ორივე ძალიან დიდ საფრთხეს უქადის ადამიანს.

ჩემთვის სულერთია გამძვინვარებული მზე დამთუთქავს და ისე მივიცვლები თუ უხვი წყალი დამახრჩობს, რადგან ორივე ლეტალური შედეგის საწინდარია.

და ბოლოს: “სცანთ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამამ განგათავისუფლენ თქუენ”. ჩემი აზრით, თუ გვინდა შევიცნოთ ღმერთი, უმთავრესად უნდა გავთავისუფლდეთ დაშტამპული კლიშეების, პროვინციალური კლერიკალიზმისა და ბომონდური ახირებებისაგან. ქრისტე უბრალო და სადა პიროვნებებთან ხარობს, რომელნიც ეკლესიას შვილობრივად ებღაუჭებიან და არა დესპოტურად ან მტრულად.

დაე, ჯვარცმის ტკივილი და აღდგომის სიხარული იყოს მუდამ ჩვენი ცხოვრების თანმდევი. ამინ!”

 

 

კომენტარის დატოვება