კიდევ ერთი ბრალდება პაატა ბურჭულაძეს

პაატა ბურჭულაძის პარტიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ლაფანაშვილი აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძეს, 2016 წლის მაისის ჩათვლით, ხელფასის სახით, 555 000 ლარი აქვს აღებული.

“პირველ პრესკლუბში” გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ლაფანაშვილმა, პარტიისა და ფინდის ფინანსები გაასაჯაროვა, რომელიც მისივე თქმით, ეწინააღმდეგება იმ განცახდებას, რომ პარტიას ფინანსური კრიზისი აქვს, რის გამოც აქტივისტებს ხელფასებს ვერ უხდიან.

“რეგიონებში, პარტიის აქტივისტებს, მათი თქმით ფინანსების არქონის გამო ვერ, ან არ უხდიან ხელფასებს, თუმცა ჩემი აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პარტიის ხელმძღვანელობა საკმაოდ სოლიდურ ხელფასებს იღებს.
ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პაატა ბურჭულაძეს, 2015 წლის დეკემბრიდან, 2016 წლის მაისის ჩათვლით, ხელფასის სახით, ჯამში 555 000 ლარი აქვს აღებული. მხოლოდ აპრილის თვეში, მას მიღებული აქვს 187 000 ლარი. ეს იმ ფონზე, როდესაც ხდება იმის აპელირება, რომ თითქოს, პარტია ფინანსურ კრიზისს განიცდის, რის გამოც ხელფასებს ვერ იხდიან. თუმცა, აქტივისტების ხელფასებზე რომ ვსაუბრობ, იგულისხმება მიზერული თანხები – 150-200 ლარი.
რაც შეეხება ფონდს – ჯერ კიდევ მაისის თვეში, 500 000 აშშ დოლარი ფინანსური დახმარების სახით მიიღო. ჩარიცხულმა თანხებმა კი აკუმულირებული სახით 6 მილიონი ლარი შეადგინა”,- აცხადებს პარტიის რეგიონის ყოფილი ხელმძღვანელი.
გიორგი ლაფანაშვილი მოუწოდებს პარტიის ხელმძღვანელობას, თუ მათ არაფერი აქვთ დასამალი, გაასაჯაროონ საშემოსავლო დეკლარაციები.
“მე მაქვს ეჭვი, რომ ამ ფინანსების უკან სხვა პროცესები იმალება. მინდა მოვუწოდო შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ ეს ფაქტი. როდესაც ეს პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში ჯერ არ მოსულა და ამას აკეთებს, რას გააკეთებენ ისინი სახელისუფლებო ბერკეტით?!”,- აღნიშნა ლაფანაშვილმა.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ პარტიის უკვე ყოფილ წევრებზე, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.
“გარწმუნებთ, რომ სუს-ი და მსგავსი ორგანოები ჩემზე არანაირ ზეწოლას არ ახორციელებენ. ეს არის ჩემი აღშფოთების შედეგად გაკეთებული განცხადება. პარტია ამ ინფორმაციის გაგებამდე, დიდი ხნით ადრე დავტოვე, რადგან ჩემთვის მიუღებელი იყო “გირჩთან” და ვაშაძესთან გაერთიანება”, – განაცხადა ლაფანაშვილმა.
წყარო:  pia.ge

კომენტარის დატოვება