მეშახტეები: სამუშაო ადგილამდე მისვლა სავენტილაციო გვირაბით გვიწევს

ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფმა გაცდენილი დღეების ანაზღაურების მოთხოვნით ვიდეომიმართვა გაავრცელა. ისინი ჰყვებიან შახტში შექმნილი მძიმე სამუშაო პირობების შესახებ.

მეშახტეების მიმართვის ტექსტს სრულად გთავაზობთ:

„ჩვენ, ტყიბულელი მეშახტეები, მოვითხოვთ გაცდენილი დღეების ანაზღაურებას. ჩვენ შახტში მუშაობაზე უარი ვთქვით იმ მიზეზით, რომ იქ შრომის პირობები შეუსაბამოა ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან. ეს აჩვენა რამდენიმე დღის წინ მომხდარმა შემთხვევამ, როდესაც ხუთი ჩვენგანი მხუთავი აირით მოიწამლა. ადმინისტრაციამ მოწამლულები საავადმყოფოში გადაიყვანა არა სასწრაფოს მანქანებით, არამედ თავიანთი პირადი ავტომობილებით იმისთვის, რომ ეს შემთხვევა დაემალათ.

თებერვლის დასაწყისში ტყიბულის ორი შახტიდან ერთი – ძიძიგურის სახელობის შახტი ადმინისტრაციამ რემონტის საბაბით გააჩერა. ამის შემდეგ მეშახტეებს სამუშაო ადგილამდე მისვლა სავენტილაციო გვირაბის გავლით გვიწევს. სავენტილაციო გვირაბი გადასაადგილებლად სახიფათო სივრცეა, რადგან ის ახდენს მთელი შახტის მხუთავი აირების გამოდევნას. ჩვენ ყოველდღიურად 4 კილომეტრის ფეხით გავლა გვიწევს ამ სახიფათო გარემოში. გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ე.წ დაგაზიანება, მოწამვლა და ტრაგიკული შემთხვევები.