გურიაში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს

შსს-ს  გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული შ.ო. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 

დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 მარტს, ბრალდებული 2 თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრებ მოხუც ცოლ-ქმარს – 1939 წელს დაბადებულ გ.პ.-სა და 1940 წელს დაბადებულ ი.გ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავდამსხმელები სახლის მეპატრონეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გასტაცეს 2000 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული ცოლ-ქმარი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე – შ.ო. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება გრძელდება ბინაში უკანონოდ შეღწევის გზით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.