“თუ ვინმეს კეთილი საქმის კეთება უნდა, ჩვენ დავარიგებთ მათ მოტანილს”

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით  დარიგებულ პირბადეების თემას, რომელსაც  ხალხის მასობრივი შეკრება მოყვა,  თბილისის მერი ეხმაურება და ამბობს, რომ ამ საქციელით ადამიანების საფრთხის ქვეშ დაყენება არის მავნებლობა.

კახა კალაძის განცხადებით, ისინი ვინც სახელმწიფოს მხრიდან ღონისძიებებს ახორციელებენ, არიან  წითელი ჯვრის მიერ გადამზადებული ადამიანები, რომლებიც იცავენ უსაფრთხოების წესებს, რომ არ დაიზიანონ თავი და გაუფრთხილდნენ კონტაქტში მყოფ ადამიანებსაც.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ მივიღოთ ყველაფერი, იქნება ეს პროდუქტი თუ სხვა საჭირო ნივთები და  ავიღოთ პასუხისმგებლობა მათ დარიგებაზე.  ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, სადაც გვყავს გადამზადებული მოხალისეები, დავარიგებთ ყველაფერს, თუ მართლა კეთილი საქმის გაკეთება სურთ.  მაგრამ თავიანთი ქმედებებით  არიან ჩვეულებრივი მავნებლები. მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი ხალხმრავალი შეკრებებისგან.  ვეცადოთ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და  გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და რჩევები. ვიცი,  რომ  რთულია დარჩე სახლში, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია, თუ გვინდა ამ სიტუაციიდან მალე თავის დაღწევა.” – აცხადებს კალაძე.