მმართველი რგოლის იზოლაცია დღის წესრიგში აყენებს აღსრულების მექანიზმების ეფექტიანობას

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

ინფექციის გამო გამოწვევის წინაშეა, როგორც ჯანდაცვის სფერო, ისე ეკონომიკური, საფინანსო, მმართველობითი და პოლიტიკური სისტემა.

აღსანიშნია, რომ კრიზის შემდგომ საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მოცემულობა ძველი სახის ვეღარ იქნება. ეპიდემიოლოგიური გამოწვევების გამო, მსოფლიო ეკონომიკა დაკარგავს 5.5 ტრლნ დოლარს, საქართველოს დაეხარჯება 2,5  მლრდ ლარის რესურსი (თუ პროცესები არ გაგრძელდა), ეკონომიკა შემცირდება რამდენიმე მილიარდით, საგარეო ვალდებულებები გაიზრდება რამდენიმე ასეული მილიონით, უმუშევრობა და სიღარიბის მასშტაბები გაიზრდება რამდენიმე ათასით. რეზერვების დაცარიელება, ხარჯებისა და ვალების ზრდა ქვეყანაში ფულის შიმშილს შექმნის.

დღეს, ზრუნვის ობიექტია მოქალაქეები და ბიზნესი. ასევე, ზრუნვას საჭიროებს მმართველობითი გარემო, რადგან მმართველი რგოლის შესაძლო დავირუსებამ და იზოლაციაში გადასვლამ , შეიძლება მმართველობითი კრიზისი შექმნას. მმართველობითი რგოლის იზოლაციაში გადასვლის შემთხვევაში, დღის წესრიგში დგება  გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების მექანიზმების ეფექტიანობის საკითხი. შესაბამისად, ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იქნას ანტიკრიზისულ სცენარში.

ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ კრიზისი ქმნის როგორც პრობლემებს, ასევე უღებს კარს ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შესაძლებლობებს: სტიმულირებს ცვლილებებს, პროვოცირებს ინერციას, იწვევს გლობალიზაციის კორექციას, გარდაქმნის პერსონალიზებულ უწყებებს, გენერირებს ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური კლასის წარმოქმნას. ამიტომ, გლობალური ეპიდემიის ფონზე უნდა აღინიშნოს, რომ:

  • ქვეყანა საჭიროებს პოლიტიკური პლატფორმისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოძლიერებას. იმისათვის, რომ მმართველის დროებითი იზოლაციის ან მისი გადაყენების შემთხვევაში მართვის მექანიზმები ეფექტიანი იყოს. ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებული მემკვიდრეობითი პოლიტიკის გამო, დანიშნული ლიდერების იზოლაციამ შეიძლება გაზარდოს მმართველობითი ვაკუუმის, პოლიტიკური რყევების და მართვის მექანიზმების არაეფექტიანობის რისკები;
  • გარემოს, რომელსაც არ აქვს, როგორც კრიზისის გადაჭრის ისე კრიზისიდან სარგებლის მიღების ეკონომიკური პროგრამები, ასეთ გარემოს კრიზისი აკონტროლებს. ამიტომ საჭიროა პოლიტიკური გარემო შეფასდეს ეკონომიკური გეგმებით, „აზროვნების ჰორიზონტებით“ (მოძველებული მიდგომებისა და სტანდარტული საუბრების ნაცვლად), პრობლემების გადაჭრის ახალი ტექნოლოგიებითა და პროგრამული შესაძლებლობებით;
  • პოლიტიკის მიღწევას არ წარმოადგენს ეპიდემიის ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა ვალებითა და საერთაშორისო დახმარებებით. რადგან ქვეყანაში არსებობს ეკონომიკური მზაობის პოტენციალი, გლობალური აქტივიზაციის რესურსი, შიდა პოტენციალის ათვისების შესაძლებლობა, გაბანკროტებისგან მოქალაქეებისა და ბიზნესის გადარჩენის მექანიზმების შექმნის აკადემიური ძალა;
  • ყოველდღიურად რასაც ვყიდულობთ ის აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ. რათქმაუნდა რასაც ვაწარმოებთ იმის ყიდვის შესაძლებლობაც უნდა იყოს. გამოსავალი საზოგადოებაში ბუნებრივად აღმოცენებულ პოლიტიკურ რესურსშია. ეკონომიკური პრობლემების დაძლევის მიზნით, საჭიროა მოხდეს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკოსების გადაფასება. არაეფექტიანი შედეგების და მოუქნელი მართვის გამო, პოლიტიკის სუროგაცია წარსულს უნდა ჩაბარდეს;

დაბოლოს, ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც თითოეულმა ადამიანმა ღირსეული ნაბიჯები უნდა გადადგას (არა შიშის ან მერკანტელური ინტერესებით, არამედ მოვალეობის აღსრულების მიზნით). ახლა სწორედ ღირსეული ნაბიჯების გადადგმის დროა. სწორედ ეს ნაბიჯები განსაზღვრავს ქართული პრობლემების დაძლევას, პოლიტიკაში გლობალური ჰორიზონტების აზროვნებისა და აკადემიური უნარების მქონე პოლიტიკოსების წარმოქმნას. ახლა ამის დროა.