პირველ საუნივერიტეტო კლინიკაში კიდევ რამდენიმე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა

ორსული ქალბატონი, რომელიც კორონავირუსის ინფექციით  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული, უკვე გაეწერა ბინაზე, ხოლო მეორე 9 კვირის ფეხმძიმე ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია და ისევ რჩება კლინიკაში და ტესტირებას ელოდება. აღნიშნული განცხადება ამავე კლინიკის დირექტორმა გააკეთა.  ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი – კრიტიკული.

რაც შეეხება  80 წლის ქალბატონს, რომლის მდგომარეობაც მძიმედ ფასდებოდა, უკვე ორჯერ ჩაუტარდა ტესტი და კოვიდინფექცია აღარ გამოვლინდა, ისიც შესაძლოა ხვალ გაწერონ. ამ ეტაპზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში “კოვიდ 19”-ზე უკვე 66 პაციენტი მკურნალობს.

“იცით, რომ გვყავდა მძიმე პაციენტი, 42 წლის მამაკაცი. მას უკვე მოეხსნა სუნთქვის უკმარისობა, კომპიუტერული ტომოგრაფიით დადგინდა რომ აღდგა ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა და  უკვე გადაყვანილია თერაპიულ განყოფილებაში. რეანიმაციიდან დღეს ალბათ კიდევ ერთ ახალგაზრდა პაციენტსაც  გადავიყვანთ, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა დღეს მისი მდგომარეობა სტაბილურია, “ – განაცხადა რატიანმა.