“შესაძლოა დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს!..”

ექიმებს საკმაოდ დიდი ბრძოლა უწევთ პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად და ზოგჯერ ამ ბრძოლას თვითონაც ეწირებიან – ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართველი მოსახლეობის მიერ წინააღმდეგობა სწორად არ იქნება შეფასებული შესაძლოა კატასტროფული შედეგი დადგეს. ხუნდაძემ საზოგადოებას სოცილური დისტანცირებისკენ მოუწოდა და სთხოვა, თავი შეიკავონ სადღესასწაულო შეკრებებისკენ.

„პანდემია, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანასაც ეწვია, მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველო ეპიდემიოლოგიურად, შედარებით კარგად გამოიყურება. აქამდე მიღწეული შედეგი სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება და რამდენი იქნება საჭირო, სასურველი შედეგის მისაღწევად, არავინ იცის. თუ წინააღმდეგობა სწორად არ იქნა შეფასებული და საზოგადოების უკლებლივ ყველა წარმომადგენლის ქმედება არ იქნა ადეკვატური, შესაძლოა შედეგი კატასტროფულიც კი დადგეს. ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი ფიზიკური დისტანცირებაა. ახლოვდება დღეები როცა ტრადიციულად, წარსულში ყველა ერთად აღვნიშნავდით, მაგრამ ეს დღეს სახიფათოა. შესაძლოა დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს. თავი უნდა შევიკავოთ ტაძრებში თავყრილობისგან, სასაფლაოებზე მასიური გასვლისგან, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა შემდეგ უფრო მეტ საფლავზე მოგვიწიოს მისვლა. მიჭირს ასე მძიმედ საუბარი, მაგრამ გაუფრთხილებლობამ შესაძლოა, ეს რეალობად აქციოს. სჯობს დროულად მოვითმინოთ, ვიდრე უდროოდ ვინანოთ. თანაც, სამწუხაროდ, არც ისე ბევრნი ვართ. თუ ვირუსმა მასიური გავრცელების სახე მიიღო, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორმაც ვერ გაუძლოს მძიმე გამოწვევას და კიდევ უფრო ცოტანი დავრჩეთ. დავრჩეთ სახლში და ამ ფორმით ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ყველა ერთად კი გავუფრთხილდეთ ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.