ამ “ანტიკრიზისული” გეგმით გახარიამ ფაქტიურად გაასაჯაროვა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის გეგმის ძირითადი სტრატეგია

დავით ნებიერიძე

ეკონომისტი

ამ “ანტიკრიზისული” გეგმის გამოცხადებით გახარიამ ფაქტიურად გაასაჯაროვა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის გეგმის ძირითადი ასპექტები და სტრატეგია.

1. შეამზადეს ველი პოლიტიკური აქტივობის მთლიანად ჩასახშობად, ან არაეფექტურ მინიმუმამდე დასაყვანად. კერძოდ, მაქსიმალურად გაწელავენ საგანგებო ვითარების მოქმედების ვადებს და შემდეგ ჩაანაცვლებენ მკაცრი საკარანტინო პირობებით. ასევე, შემოიღეს არნახული სისხლის სამართლის სასჯელი 6 წლიანი პატიმრობის სახით, რომელიც ორიენტირებულია სახალხო მღელვარებების და გამოსვლების გასანეიტრალებლად, მასში მონაწილე აქტიური მოქალაქეების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გასათიშად.
2. შემოგვთავაზეს დამცინავი და ადამიანის თავმოყვარეობის შემლახავი სოციალური პაკეტების მწირი ნაკრები, რომელიც ადამიანის გადასარჩენად კი არა მოქალაქის დამონებისთვისაა შემუშავებული. კერძოდ, ექვსი თვის მანძილზე მიზერულ შემწეობას 200 ლარის სახით მიიღებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ოფიციალურად მუშაობდნენ, ერიცხებოდათ ხელფასი და აუცილებლად იხდიდნენ საშემოსავლო გადასახადს. შედეგად, ვერცერთი მეწარმე ვერ მისცემს ცნობას ისეთ თანამშრომელს რომელსაც ის ოფიციალურად არ უხდიდა ხელფასს. ასეთი მოქალაქეები კი უზარმაზარი რაოდენობითაა. საკმარისია კომპანიის ხელმძღვანელმა გასცეს ასეთი ცნობა, რომ ის გახდება შემოსავლების სამსახურის სამიზნე და ხელისუფლებას გაუჩნდება უნივერსალური ინსტრუმენტი მისი წინასაარჩევნოდ დასაშანტაჟებლად. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ოჯახებში ფაქტიურად ერთი წევრი მუშაობდა და ინახავდა მთელ ოჯახს. ახლა, როდესაც მან დაკარგა შემოსავალი, როგორ უნდა შეინახოს მთელი ოჯახი 200 ლარად თვეში?
თვითდასაქმებულებს რომლებიც საზოგადოების უდიდესი ნაწილია შესთავაზეს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. როგორ უნდა ეყოს ადამიანს სამასი ლარი ექვსი თვის მინმუმ ექვსი თვის მანძილზე თავის გადასარჩენად, როდესაც ამ უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელია ახალი სამსახურის, ახალი შემოსავლის წყაროს პოვნა?
3. საბოლოო ჯამში, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ კმაყოფილი იყოს მხოლოდ მათ განკარგულებაში მყოფი ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ქართული ოცნების ამომრჩეველია. დანარჩენები შიმშილით სიკვდილისთვის ან მონობისთვის გასწირეს.